"ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს" - ეკონომისტები
მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს, - ამის შესახებ ეკონომისტების ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული.
ეკონომისტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები, გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს. ვაჭრობით, ინვესტიციებით, ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და სხვა ეკონომიკური აქტივობებით, საქართველოში ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან. დასავლურ კაპიტალზე დგას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
ასევე, მიმდინარე წელს მიღებული რუსული სტილის კანონები და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება (მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვების არასათანადოდ მართვა, “ოფშორების კანონი”, საპენსიო კანონის ცვლილება, ინფრასტრუქტურულ პროექტებში საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანიების შემოყვანა) დამატებით რისკებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
მშვიდობიანი აქციების დარბევა, დემონსტრანტების ცემა და უკანონო დაკავება ზრდის მოსალოდნელი დასავლური სანქციების მასშტაბურობას, რაც, პირველ რიგში, დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის და ზოგადად, საქართველოს ბიზნეს გარემოსთვის.
აქედან გამომდინარე, ვხედავთ რა ბოლო დროის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გარდაუვალ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები, გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე, სადაც მოქალაქეებს აზრის გამოხატვის და არჩევანის თავისუფლება ექნებათ,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 49 ეკონომისტი უერთდება.