ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ ნიშნულზეა - Bloomberg
Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. რეიტინგში ივანიშვილი 391-ე ადგილს იკავებს, იქამდე კი 401-ე ადგილზე იყო.
ივანიშვილის ქონება 7.73 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც, ამავე რეიტინგის თანახმად, რეკორდული ნიშნულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება 1.38 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 8 დეკემბერს Bloomberg-ის თანახმად ივანიშვილის ქონება 6.35 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.
ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, აქ მისი ქონება ისევ 4.9 მლრდ დოლარით არის შეფასებული.