ნოემბერში საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა
2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანამ მთლიანად 34.610 მლნ დოლარის ღირებულების გაზი შეიძინა, აქედან 5.396 მლნ დოლარის რუსეთში, 29.213 მლნ დოლარის კი აზერბაიჯანში. რაც შეეხება 2024 წლის ნოემბერს, გასულ თვეს საქართველომ რუსეთში 15.347 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, აზერბაიჯანში კი 36.043 მლნ დოლარის ღირებულების. მთლიანად გასულ თვეს 51.390 მლნ დოლარის გაზი ვიყიდეთ.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, 2024 წლის ნოემბერში საქართველოში გაიზარდა როგორც რუსული გაზის იმპორტი, ასევე მთლიან იმპორტში მისი წილიც. თუ 2023 წლის ნოემბერში რუსული გაზის წილი მთლიან იმპორტში დაახლოებით 15%-ს შეადგენდა, წელს ამ მაჩვენებელმა 30%-მდე მოიმატა. ამასთან, 3-ჯერ არის გაზრდილი რუსეთიდან გაზის იმპორტიც.
რაც შეეხება 2024 წლის 11 თვის მაჩვენებელს, წელს საქართველომ 326.224 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი იყიდა, აქედან 217.671 მლნ-ს აზერბაიჯანში, 108.552 მლნ-ს კი რუსეთში. საერთო ჯამში, წელს რუსული გაზის წილმა მთლიან იმპორტში 33% შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 24.5% იყო.