თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს - ლორა თორნტონი სანქციებზე
სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ფართოა, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს - ივანიშვილი არ არის ხელშეუხებელი ბატონი , - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან.
მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო მდივანმა მისი სანქცირება ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთად, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას პირდაპირ დაუკავშირა.
„ვფიქრობ, ეს ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ის არ არის უძლეველი. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დიდი დრო დახარჯეს ჩვენთვის იმის მტკიცებაში, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მუქარა იყო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მოხდა, და ეს ნიშნავს, რომ ის [ივანიშვილი] მოწყვლადია. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ამ სანქციებისა ისაა, რომ ამას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის.
ამ სანქციებს გავლენა ექნება უფრო პრაქტიკული მიზეზებითაც, ეკონომიკური მიზეზით. ივანიშვილმა ალბათ, უკვე გადამალა თავისი ფული, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას უკიდურესად ართულებს. სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ძალიან ფართოა. ასე რომ, ეს შეიძლება, შეეხოს საბანკო ოპერაციებსაც. მაგალითად, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს. ამას გავლენა ექნება [ივანიშვილის] ამერიკის გარეთ არსებულ ბიზნეს ინტერესებზეც, თუკი არის რომელიმე მეწილე ან ინტერესი ამერიკაშიც. ნახსენებია ივანიშვილთან არაპირდაპირი კავშირიც, ეს შეიძლება მოიცავდეს მის შვილებსაც კი. ვფიქრობ ამაში უფრო მეტი გზავნილია: რომ არ არის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც საეთავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე, ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი”, - აღნიშნავს ის.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, პრემიერ-მინისტრი კობახიძე განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც სანქცირებული იყო და ამერიკის ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ არის საფასური, რომელსაც ისინი “ეროვნული ინტერესების დაცვისთვის იხდიან. თორნტონის განცხადებით,ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ „თავი მოიკატუნოს“.
„არ მგონია პრემიერ-მინისტრსაც ბევრი არჩევანი ჰქონდეს. მე სულაც არ მიკვირს, რომ ის ცდილობს თავი მოიკატუნოს, თითქოს ამას არანაირი გავლენა არ ექნება და დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ კვლავ ისინი მართავენ სიტუაციას, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო სანქცირებული, “კრედიტ სუისი” (შვეიცარული ბანკი, რომელთანაც მას დავა ჰქონდა) ამერიკასთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას, ვისაც კი მცირედი ინტელექტი ან მცირე მოკვლევის უნარი მაინც აქვს, შეუძლია გაიგოს, რომ ეს უბრალოდ სიცრუეა. ისინი კი კვლავ ეცდებიან დაამშვიდონ [საზოგადოება] და თავი მოაჩვენონ, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა. ზუსტად ისევე, როგორც ეს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნების შემთხვევაში გააკეთეს. როდესაც ისინი დააწინაურეს და გამოიყენეს სახელმწიფო ფინანსები იმისთვის, რომ მათთვის სანქციების ფინანსური წნეხი დაებალანსებინათ. მათ ამის გაკეთება დასჭირდათ, რათა რეჟიმის შიგნით საკუთარი რიგებივე შეენარჩუნებინათ. და ეს ჩემი აზრით, მათ სისუსტეს აჩვენებს”, - განაცხადა თორნტონმა.
თორნტონის თქმით, სანქციები არის წნეხის ინსტრუმენტი, რათა მიზნამდე მივიდეთ.
„მე არ ვარ ამერიკის მთავრობაში, მაგრამ ჩემი აზრით, შეერთებული შტატების მიზანი ისაა, რომ საქართველო დემოკრატია იყოს. იდეა ეფუძნება იმის იმედს, რომ ეს [სანქციები] გავლენას მოახდენს „ქართული ოცნების“ ქცევაზე და საბოლოოდ დააბრუნებს მას მოლაპარაკების პოზიციაში, სადაც [განხილვის საგანი] შეიძლება იყოს ახალი არჩევნები გარდაქმნილი საარჩევნო კომისიის პირობებში, გარდაქმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირობებში და სხვა...
იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა, ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი, აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულელდება იმით, თითქოს „ქართული ოცნება“ როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია, ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს, როგორც რუსეთის აქტივი”, - აღნიშნავს ის.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, სძენს თუ არა დამატებით მნიშვნელობას ამ სანქციებს მათი გამოცხადების დრო? ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, თორნტონის თქმით, ეს „მნიშვნელოვანი იყო“, რითაც ამერიკამ თქვა, რომ „ჩვენ აქ ვართ, თქვენი პარტნიორები და მეგობრები“.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, რომ ეს სანქციები მანამდე გამოცხადდა და დემოკრატ ქართველებს, აქტივისტებს, მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, ეს მართლაც სჭირდებოდათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის, 29 დეკემბრის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. ამას სერიოზულად ვიღებთ და დემონსტრანტების ყველაზე დიდ მოწოდებას - რაც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა - ვასრულებთ, ამას გაძლევთ. ჩვენ აქ ვართ, თქვენი პარტნიორები და მეგობრები ვართ”, - აღნიშნა მან.