რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვლილა
საქართველოს ეროვნული ბანკის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვლილა და ისევ 7 პროცენტი დარჩა.
შესაბამისად, უცვლელია თანხა იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული მცურავი (არაფიქსირებული) პროცენტით. შეგახსენებთ, რომ ორ მაისამდე პროცენტი 6.75 განისაზღვრებოდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 25 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 6 სექტემბერს გაიმართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 26 ივლისს ჩატარდა, რომელზეც ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7.0 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაციას წლის მეორე ნახევრიდან შემცირება დაეწყო და ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაახლოვებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.