ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლიდან, ერთი წლის წინ გათავისუფლებულ მასწავლებელს, განაცდური აღსრულების ეროვნული ბიუროს ძალისხმევით აუნაზღაურდა.
დათა დათაშვილმა 4 080 ლარი 12 თვის ხელფასის სახით, 7 ნოემბერს მიიღო.
ორი ინსტანციის სასამართლომ ის სკოლაში სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მასწავლებლად დააბრუნა. პროფესიულ საქმიანობას დათა დათაშვილი სამი სექტემბრიდან შეუდგა.
,,დირექტორმა თავისი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 5 000 ლარამდე აზარალა. სკოლას მოუწია აღმასრულებლის ხარჯის - 150 ლარის და სასამართლოს ბაჟის - 100 ლარის გადახდა. უფრო მეტი იყო სააპელაციო სასამართლოს ბაჟი. ქეთევან ობოლაშვილს შეეძლო, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ეღიარებინა და სასამართლოს ინსტანციებში აღარ ედავა, ამით სკოლა ზედმეტ ხარჯს აიცილებდა თავიდან“ - გვითხრა დათა დათაშვილმა.
დირექტორი, რომელიც იძულებული იყო, სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სამსახურში აღადგინა და განაცდური აენაზღაურებინა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ მასწავლებელს არ იცნობს. ქეთევან ობოლაშვილმა ამ ფრაზის შემდეგ, ტელეფონი გაგვითიშა. ხელახლა დარეკვისას კი უარყო, რომ ქეთევან ობოლაშვილია.
სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორმა დათა დათაშვილი სამსახურიდან სამეურვეო საბჭოს ოქმის საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებვით გაირკვა, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა და ოქმი გაყალბებულია.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება 3 აპრილს, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით
დაიწყო, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
"გამოძიების მიმდინარეობისას მოწმეთა გამოკითხვებით და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში რელაურად მართლაც არ ჩატარებულა სამეურვეო საბჭოს სხდომა" - ამბობენ შსს-ში.
საქმე შვიდი თვეა ძიებაშია, თუმცა ამ დრომდე არ დაკითხულა ყალბი ოქმით გათავისუფლებული მასწავლებელი დათა დათაშვილი.
„ვფიქრობ, რომ საქმე ხელოვნურად შეჩერებულია. ფაქტი დამტკიცებულია, რომ დირექტორმა ოქმი გააყალბა. ეს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა. გამოძიების მიმდინარეობისას დირექტორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ეს ყალბი ოქმი“, - აცხადებს დათა დათაშვილი.
ოფიციალური ვერსიით, დირექტორმა პედაგოგი სკოლის რეპუტაციის შელახვის გამო გათავისუფლა. დათა დათაშვილის აზრით კი, ის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაისაჯა.