სასწავლო წელი სკოლაში სახელმძღვანელოების გარეშე
ახალციხის არაქართულენოვან სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელი ისე სრულდება, რომ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილს სახელმძღვანელოები არ აქვს. სკოლაში 555 მოსწავლე სწავლობს.
რიმა ასლანიანის ორივე შვილი ახალციხის მესამე სკოლაში დადის. მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის რვეულები თითქმის ნახევარი წლის დაგვიანებით მიიღეს. მასწავლებლებმა და მშობლებმა პირველ სემესტრში გამოსავალი ყველა მოსწავლისთვის ასლების გადაღებაში იპოვეს.
„შარშან ჰქონდათ, წელს არა. ქართული ენის რვეულები გადავაქსეროქსეთ. ჯერ არ დაუბეჭდიათო ამბობენ“, - ამბობს ორი მოსწავლის დედა.
რიმა ასლანიანის შვილების მსგავსად, სამუშაო რვეული არ შეხვდა მანია მანუკიანის მეორეკლასელ შვილს.
„ერთი ცალია კლასში და ყველა ბავშვმა იქიდან დააქსეროქსა. სახელმძღვანელოების პრობლემა სულ გვაქვს. ქართული, ინგლისური, ბუნება, მათემატიკა - ესენი სკოლაში მოგვცეს. სომხური ენის წიგნი ჩემმა მეგობარმა მათხოვა“, - ამბობს მეორეკლასელი მოსწავლის დედა მანია მანუკიანი.
ახალციხის მესამე, სომხურ სკოლაში სასწავლო წელი ძველი წიგნებით დაიწყო. დირექტორი ამბობს, რომ მეორადი სახელმძღვანელოები პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა საგანში დარიგებულია. სკოლის დირექტორი პირველიდან - მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს, ახალ სახელმძღვანელოებს ახალი სასწავლო წლიდან ჰპირდება.
„წიგნები არ იყო დაბეჭდილი, ამიტომ ახალ სასწავლო გეგმაზე გვიან გადავედით. პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს ახალი წიგნები მეორე სასწავლო წლიდან ექნებათ. ის სახელმძღვანელოები, რომელიც სასწავლო პროცესის დასაწყისში არ გვქონდა, ახალციხის რესურს ცენტრმა მეორე სემესტრისთვის მოგვაწოდა" - აცხადებს სკოლის დირექტორი.
სუსანა აკოფოვასგან განსხვავებით, მეათეკლასელი არტურ მირანიანი ამბობს, რომ სომხური ენის წიგნი სასწავლო პროცესის მიწურულსაც კი არ აქვს. რაც შეეხება მეექვსე კლასს, მშობლის აიდა ნირვოიანის თქმით, კლასის ორ მოსწავლეს სომხური ენის ერთი წიგნი აქვს.
საქართველოში სულ 216 არაქართულენოვანი სკოლა და 305 არაქართულენოვანი სექტორი ფუნქციონირებს, ძირითადი პრობლემა, რომელიც მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღებაში ხელს უშლის, სასწავლო სახელმძღვანელოებს უკავშირდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო. მანამდე სასკოლო წიგნები უსასყიდლოდ, მხოლოდ სოციალურად დაუცველო ჯახებს გადაეცემოდათ. 2018 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე 14 მლნ. 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.