ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში, "ანბანის გაცილებისთვის" მოწყობილ ზეიმზე, მოსწავლეებს კისერზე წითელი ყელსახვევები გაუკეთეს.
ღონისძიება 27 მაისს გაიმართა. გოგოების ნაწილს წითელი კაბები და თეთრი მაისურები ეცვათ, ზედ კი პიონერის ყელსახვევი ეკეთათ.
"
ეს იყო დეტალი, რომელიც ბავშვებს ჯერ ყელზე ეკეთათ, შემდეგ მოიხსნეს და ამით იცეკვეს, ბოლოს ხელზე გაიკეთეს. კაბებიც წითელი ეცვათ, პიონერის ყელსახვევთან არ აქვს კავშირი", - გვითხრა სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ.
პირველკლასელთა ზეიმს ესწრებოდა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ხათუნა ხმალაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს მთელი დღეა არ პასუხობს.
სკოლის ზეიმზე წითელი ყელსახვევი უკვე მეორე სკოლამ გამოიყენა. ანბანი ამ დეტალით გააცილეს ახალციხის
მეხუთე საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია.
"არ არის ნორმალური, 21-ე საუკუნეში ბავშვი გამოაწყო პიონერივით და ამას დანარჩენებისგან განსხვავებულობა დაარქვა. ეს ვიზუალი ადმინისტრაციას ნორმალურად სავარაუდოდ იმიტომ მიიჩნია, რომ თავად იყვნენ პიონერები და უკეთესი არაფერი უნახავთ. აჩვენეთ უკეთესი და ამას აღარ მოისურვებენ“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.
ორივე შემთხვევას
განათლების სამინისტრო იკვლევს. უწყებაში სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს.