განათლება
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
თუ სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
გააზიარეთ :