მეთორმეტე კლასელებმა დღეს სკოლა დაამთავრეს
სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღეს, 20 მაისს სასწავლო პროცესი დასრულდა. კურსდამთავრებულებისთვის ტრადიციულად, ბოლო ზარი ვერ დაირეკა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებული იქნება კურსდამთავრებულების, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლა 430-მდე მეთორმეტეკლასელმა დაასრულა. მათ ბოლო ზარის აღნიშვნა დისტანციურად მოუწიათ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა.
„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი "ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას", - წერს განათლების მინისტრი.