ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათბობა ჩაირთო. უკვე სამი დღეა, პატარები ცენტრალური გათბობით, ან შეშის ღუმელით თბებიან. პრობლემა იყო ნომერ მეხუთე საბავშო ბაღში, სადაც გათბობა, 16 ოქტომბერს მას შემდეგ ჩაირთეს, რაც თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.
ცივი ამინდების მიუხედავად, ახალციხის ნომერ მეხუთე საბავშვო ბაღში გათბობა დღეს ჩაირთო. ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ გათბობასთან დაკავშირებული პრობლემა არცერთ ბაღში იყო. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი ნანა ბერიძემ „მეცხრე არხთან“ განმარტა, რომ მეხუთე საბავშვო ბაღში ტექნიკური ხარვეზები იყო. აქ ჯერ წყალი მოწყდა, შემდეგ კი ელექტროენერგია გამოირთო, რის გამოც ბაღს გათბობა არ მიეწოდებოდა. 16 ოქტომბრიდან პატარებს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სითბო დახვდებათ.
მეექვსე საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა სამი დღის წინ ჩაირთო. დაწესებულების მენეჯერის თქმით, გათბობა დღის მეორე ნახევრამდე მუშაობს, იქამდე, სანამ ბავშვების ბაღში ყოფნის საათები არ დასრულდება.
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაწილში ცენტრალური გათბობა ამ დრომდე არ არსებობს. აქ ბავშვები ისევ შეშის ღუმელით თბებიან. როგორც პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერი განმარტავს, დაწესებულება 18 კუბური მეტრი საშეშე მერქნით უკვე მომარაგებულია და ყველა ჯგუფს ცალ–ცალკე ღუმელი უდგას. მიუხედავად ამისა, თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ პედაგოგები მეტი ყურადღებით არიან, რათა ბავშვები ცხელ ღუმელს არ შეეხონ.
ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწსებულებაში რვა ბაღი ერთიანდება. აქედან ოთხი ცენტრალური გათბობით, ხოლო დანარჩენი შეშის ღუმელით თბება. ა(ა)იპ–ის მენეჯერი განმარტავს, რომ მერია, ღუმელის ცენტრალური გათბობით შეცვალას არ აპირებს, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ არის. გარდა ამისა, ნანა ბერიძის თქმით, მომავალი წლისათვის ახალი დაწესებულების გახსნა იგეგმება, რომელშიც ქალაქის რამდენიმე ბაღი გაერთიანდება.
|