კორონავირუსის გამო 20 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი 10 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა.
"დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდ-ინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის.
ჩვენს ხელთ არსებული ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი.
განათლების სამინისტრომ შესთავაზა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ“,-განაცხადა ეკა დგებუაძემ.