ერთიანი ეროვნული გამოცდები ქიმიის საგნით დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს, 22 ივლისს აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა ქიმიის საგანში ჩააბარეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ქიმია დამატებით საგნად დაახლოებით 1500–ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა ტესტირებაზე 2% არ გამოცხადდა. ახალციხის საგამოცდო ცნეტრში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 29 აბიტურიენტი იყო დარეგისტირებული, აქედან ტესტირება ყველა მათგანმა გაიარა. აპლიკანტების თქმით, დავალებები საშუალო სირთულის იყო და პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 1212 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან ტესტიტებაზე 27 მათგანი არ გამოცხადდა. პროცესს 22 მეთვალყურე და 22 კურატორი აკვირდებოდა. აბიტურიენტების თქმით, გამოცდების მსვლელობის დროს დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 ქალაქში იყო გახსნილი, მათ შორის ახალციხეში, რომელიც მეხუთე საჯარო სკოლაში მდებარეობდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო სამაშველო სამსახური. თუმცა ცენტრის ადმინისტრატორის თქმით, საგამოცდო დღეებში მათი გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მასშტაბით, 40 000–ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა დაახლოებით 1300 მეთორმეტეკლასელი პროცესს იმის გამო გამოეთიშა, რომ მათ საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს. 100–ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროებოდა. იყვნენ მსჯავრდებულებიც. სხვადასხვა დარღვევის გამო, გამოცდიდან 3 აბიტურიენტი მოიხსნა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, ქართულის საგნით დაიწყო. აბიტურიენტებს ტესტირება, ზოგად უნარებში, უცხო ენაში, გეოგრაფიაში, ისტრორიაში, მათემათიკაში, ფიზიკაში, ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებაში, გამოყენებით ხელოვნებაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში გაიარეს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება რამდენიმე დღეში ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.
|