ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 510 აბიტურიენტიდან 4 მათგანი არ გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში, ერთდროულად დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაცია 08:00 საათზე გაიარეს, მათ ტესტებზე მუშაობა კი 09:00 დაიწყეს. მონაწილეებს გამოცდისათვის ოთხი საათი ჰქონდათ გამოყოფილი. აპლიკანტემა განმარტეს, რომ საკითხები საშუალო სირთულის იყო და ტესტირების დროს, მათ პრობლემები არ შექმნიათ.
ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია გახსნილი, პირველ და მეორე სესიებზე 510 აპლიკანტი დარეგისტრირდა თუმცა, აქედან, გამოცდაზე ოთხი აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, პროცესმა მშვიდად ჩაიარა.
უსაფრთხოების მიზნით, საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო–სამაშველო სამსახური.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 ქალაქში გაიხსნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მასშტაბით, 40 000–ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტირებული, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს. 100–ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან მსჯავრდებულებიც. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლიის, ქიმიის საგნით დასრულდება.
|