აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო. კურსდამთავრებულებს მათი აღება რეგისტრაციისას მითითებულ ადგილზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, ბარათი ყველა აბიტურიენტმა უნდა მიიღოს.
ახალციხის საჯარო სკოლებში საგამოცდო ბარათების დარიგება დილიდან დაიწყო. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ბარათების დიდი ნაწილი აბიტურიენტებს უკვე ჩაბარდათ. ინგა ვარდიძის განმარტებით, სკოლაში 101 კურსდამავრებულიდან, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 89 მათგანი დარეგისტრიდა, საგამოცდო ბარათი კი ყველას ჩამოუვიდა. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამ კუთხით სკოლაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების მიღება რეგისტარაციისას მითითებულ ადგილზე შეუძლიათ. ამიტომ ახალციხელმა კურსდამთავრებულებმა ბარათები საჯარო სკოლების გარდა, საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც აიღეს.
საგამოცდო ბარათებზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის, თითოეული გამოცდის თარიღისა და რეგისტრაციის დაწყების შესახებ. აბიტურიენტი ვალდებულია, გამოცდაზე შესვლამდე, დამკვირვებლებს ბარათი წარუდგინოს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ორ ივლისს, 08:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყება, 6 და 7 ივლისს ტესტები ზოგად უნარებში ჩატარდება, 8– 10 ივლისის ჩათვლით, მოსწავლეები გამოცდებს უცხო ენაში გაივლიან, 13–დან–17 ივლისამდე კი აბიტურიენტები ტესტებს გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 20 ივლისს, წელს პირველად, გამოცდა სამოქალაქო განათლებაში ჩატარდება, ხოლო 21 ივლისს – გამოყენებით ხელოვნებასა და ბიოლოგიაში. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ქიმიის საგნით დასრულდება. გასული წლის მსგავსად, საგამოცდო ცენტრი წელსაც ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში განთავსდება.
|