მეექვსე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
ახალციხის N6 საჯარო სკოლაში, ტესტირების შედეგად 17 აპრილს პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნულ ფაქტს სკოლის დირექტორი ეკა დალალიშვილი ადასტურებს.
„შაბათს გაიკეთა ტესტი და აჩვენა დადებითი. პედაგოგი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ბინაზე გადის. სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, რომ ორშაბათიდან ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავსულიყავით, ამ ეტაპზე პასუხს ველით“ – აცხადებს ეკა დალალიშვილი.
სამცხე-ჯავახეთში სამი საჯარო სკოლა სწავლას დისტანციურად აგრძელებს. კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ახალციხის ერთ და ადიგენის ორ სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკლასო ოთახებიდან ონლაინ გადაინაცვლეს ქალაქ ახალციხის N1, ადიგენის სოფელ არლისა და სოფელ ენთელის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას, დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პიკური უწოდა.
,,ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის. ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე „კლასტერი“ იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.