საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები გრძელდება. მეთერთმეტეკლასელებმა გამოცდა დღეს ბიოლოგიაში ჩააბარეს. მოსწავლეებს მოცემული დავალების შესასრულებლად ერთი საათი ჰქონდათ. ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი ათი ქულა დაფიქსირდა, რამდენიმე მოსწავლე კი ჩაიჭრა. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები ტესტებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.
საქართველოში საატესტატო გამოცდები გრძელდება. მეთერთმეტეკლასელებს დღეს ბიოლოგიის საკითხებზე მოუწიათ მუშაობა. მოსწავლეების თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო და სასწავლო პროგრამის მიხედვით იყო შედგენილი. ახალციხეში უმაღლესი 10 ქულა მხოლოდ მეექსვე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის 5 საჯარო სკოლაში რვა მოსწავლე ჩაიჭრა.
ახალციხის საჯარო სკოლებში გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. ბიოლოგიის საგნის ჩაბარება არაქართულენოვან სკოლებშიც მოუწიათ. თუმცა, ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მოსაწვლეების თქმით, ქართულიდან სომხურად ნათარგმნ ტესტებში არაერთი ხარვეზი იყო აღმოჩენილი. მიუხედავად ამისა, დაწესებულებაში ყველაზე მაღალი ქულა 9, 75 დაიწერა.
საქართველოს საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდების ჩატარებას, ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. საგამოცდო პროცესს, მათი წარმომადგენლები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკვირდებიან.
მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს 19 ივნისს ფიზიკაში, ხოლო 20 ივნისს ქიმიაში ჩააბარებენ. მოსწავლეებს ატესტატის აღება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, როდესაც ყველა სავალდებულო გამოცდაში ბარიერს გადალახავენ.
|