იკრძალება თუ არა ბოლო ზარი, ბანკეტი და ექსკურსია - სამინისტროს განმარტება მეთორმეტეკლასელებს
მალე მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება და ბოლო ზარიც დაირეკება, მაგრამ საინტერესა, პანდემიის გათვალისწინებით, როგორი ბოლო ზარი ექნებათ წელს, ან საერთოდ, გადაიხდიან თუ არა „ბანკეტს“.
ამ საკითხზე განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია, მაგრამ თუ სკოლის ეზოში, ღია სივრცეში ბავშვებს მოუნდებათ პერანგებზე წარწერების გაკეთება, ამას არავინ დაუშლის.
ასევე, ღია სივრცეში მშობლებსაც შეეძლებათ დასწრება, მაგრამ თუ კურსდამთავრებულები სკოლის შენობაში მოინდომებენ ღონისძიების ჩატარებას, მაშინ ამ სანახაობის გამოტოვება უფროსებს (მასწავლებლების გარდა) მოუწევთ, რადგან შენობაში მშობლების შესვლა, არსებული პროტოკოლით, დაუშვებულია. განათლების სამინისტროში ისიც განმარტეს, რომ ცალსახა აკრძალვა ბოლო ზართან დაკავშირებით, როგორც ეს შარშან იყო, წელს არ არსებობს.
ექსკურსიებთან დაკავშირებით, სკოლებს რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვთ - ოფიციალურად არ აკრძალულა, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტივობა მიზანშეწონილი არ არის.
რაც შეეხება ბანკეტს, შსს-ს განმარტებით, 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. 10-კაციანი ბანკეტის გადახდა კი დიდ სკოლებში შეუძლებელია.