კვების მენიუ და პროდუქტების კალორიულობის დონე ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში – არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამის კვლევებს აწარმოებენ. როგორ იკვებებიან აღსაზრდელები საბავშო ბაღებში, როგორია მშობლების პოზიცია და რას ამბობს ბაღების გაერთიანების დაწესებულების ხელმძღვანელი – თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.
ამოწმებენ თუ არა საკუთარი შვილების საკვებ მენიუს, საკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში და იციან თუ არა, რას მიირთმევენ მათი შვილიები კალორიულობის ან ხარისხის მიხედვით – ამ კითხვებით „მეცხრე არხმა“ აღსაზრდელების მშობლებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი აღნიშნულით ნაკლებად ინტერესდება. ზოგიერთები კი კვების მენიუს ყოველთვის ამოწმებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ ბავშვები ბაღში ხილს საერთოდ ვერ მიირთმევენ, რადგან მენიუში გათვალისწინებული არ არის.
ახალციხის პირველი ბაგა-ბაღის მენეჯერი განმარტავს, რომ მენიუს ყოველ დილით მზარეულებთან ერთად თავად ადგენს. ისინი ცდილობენ, რომ დღის განმავლობაში ბავშვებს ნატურალური პროდუქტი მიაწოდონ. ციცო საანიშვილის თქმით, აქ ყოველდღიურად მოწმდება საკვების ვარგისიანობა და კერძების მომზადების დროს ჰიგიენური ნორმებიც დაცულია. მენეჯერის თქმით, მენიუში ყოველდღიურად გაწერილია ბოსტნეული, რაც შეეხება ხილს ბავშვებს ბაღში მხოლოდ ვაშლის მიღება შეუძლიათ.
ქალაქ ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კვება ნორმალურია. ბოლო პერიოდში საბავშო ბაღების მომარაგებისას, კალორიულობის გაზრდის მხრივ, პროდუქტის გარკვეული ნაწილი შეიცვალა, მათ შორის ყველი და კარაქი. ნანა ბერიძის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პროდუქტის უმეტესობით, მათ შორის ხორცის ნაწარმით, უშუალოდ იმ დღეს მარაგდება, როდესაც აღნიშნული რაციონში გაიწერება.
პროდუქტების ვარგისიანობას, აქტიურად იკვლევს, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრი. დირექტორი ეთერ ზედგინიძე განმარტავს, რომ ბაღებში საკვების კალორიულობისა და ვარგისიანობის დასადგენად ჩატარებული კვლევების შედეგით წელს კმაყოფილია. მისივე თქმით, გასულ წელს ანალოგიური პროცესის შედეგად მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში აღმოჩნდა, რომ კარაქში კალორიულობის დონე დაბალი იყო, რაც ბავშვების ჯანმრთელობისათვის მავნებელია.
ეთერ ზედგინიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში კვების მხრივ პრობლემები მაინც არსებობს და საბოლოო შედეგის მისაღწევად სახელმწიფოს სამუშაო კიდევ ბევრი აქვს. ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი ირწმუნებიან, რომ ბაღებში აღსაზრდელთა კვება, მომავალი წლიდან ბევრად გაუმჯობესდება.
|