საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა ხუთი წლით გადაიწევს. ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ მინისტრთა კაბინეტმა ბოლო სხდომაზე მიიღო.
საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა ხუთი წლით გადაიწევს. აღნიშნული ინფრომაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელდა. „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება მინისტრთა კაბინეტმა ბოლო სხდომაზე მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით ეს პერიოდი საჭიროა სასკოლი ინფრასტრუქტურის შესასწავლად, რადგან ქვეყნის მასშტაბით 2 085 საგანმანათლებლო დაწესებულება არსებობს.
ახალციხის საჯარო სკოლებმა ავტორიზაციისათვის მზადება უკვე დაიწყეს. ქალაქის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, იმისათვის, რომ სასწავლო დაწესებულებამ პროცესი წარმატებით დაძლიოს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ინფრასტრუქტურა შესაბამის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, საგანმანათლებლო ბაზა მაღალი სტანდარტების უნდა იყოს, პედაგოგები კი აუცილებლად კვალიფიცირებულნი.
ახალციხის კერძო სკოლა „მზექაში“ ამბობენ, რომ მათ ავტორიზაციის პროცესი სამი წლის განმავლობაში არ შეეხებათ. ბელა კაპანაძის მტკიცებით, დაწესებულებამ 2012 წელს პროცესი წარმატებით დაძლია და ყველა ის სტანდარტი დააკმაყოფილა, რომელსაც განათლების სამინისტრო ითხოვდა. მისივე მტკიცებით, იმისათვის, რომ ბავშვმა სრულფასოვანი განათლება მიიღოს, დაწესებულება ავტორიზაციის ყველა მოთხოვნას ისედაც უნდა აკმაყოფილებდეს.
ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურაა, რომლის ფარგლებშიც მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა, სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
|