სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი
ლექტორები ლალი მორიშკინა და გიგლა გობეჩია და ყოფილი რექტორი თინა
გელაშვილი უმაღლესი სასწავლებლის რექტორს გადადგომისთვის ერთკვირიან
ვადას აძლევენ. მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ლალი
მოროშკინამ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე
ისაუბრა. მისივე მტკიცებით, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე
კორუფციის ბრალდებით არის გასამართლებული და რექტორად მისი არჩევა
გაუმართლებელი იყო.
„მაინტერესებს, რა აუცილებელი იყო პრობაციონერი ადამიანის, რომელიც ნასამართლევი იყო კორუფციისთვის, რექტორად დანიშვნა. ასევე უნივერსიტეტის კანონი ითვალისწინებს იმას, რომ 65 წელს მიტანებული ადამიანი არ შეიძლება იყოს არჩეული რექტორად. მერაბ ბერიძის წარსულიდან ბევრი კრიმინალური ფაქტის გახსენება შეგვიძლია. ჩვენ ამ მასალებს აუცილებლად დავდებთ. ეს ის ადამიანია, რომელიც ორი დედის სადღეგრძელოს სვამდა – ვანო მერაბიშვილისა და შოთა რუსთაველის და მერე მოახერხა „ქართულ ოცნებაში” პორტირება და დღეს აბსოლუტურად სხვა განცხადებებს აკეთებს.
ჩვენ პატივს ვცემთ მხოლოდ ბერიძის ჭაღარას და არ გვინდა, რომ მან დარჩენილი წლები გაატაროს ციხეში, ამიტომ ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ თავად დაწეროს განცხადება და გადადგეს. სხვა შემთხვევაში, მისთვის ძალიან მძიმედ და ტრაგიკულად დასრულდება ყველაფერი”, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.
აქვე პროფესორი გიგლა გობეჩია, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტის ლექტორიც გახლდათ, აცხადებს, რომ მას ჰყავს მოწმეები, რომლებიც მერაბ ბერიძის მიერ ჩადენილ უკანონობებს დაადასტურებენ.
„მე მყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბერიძე დიპლომებს აყალბებდა და დაახლოებით 1500-2500 დოლარს იღებდა სტუდენტების ჩარიცხვაში. მერაბ ბერიძეს ეს ბრალდება დაუმტკიცდა და დაახლოებით 7 წელი მოიხადა კიდეც. მაქვს ინფორმაცია, რომ ბერიძის დანიშვნის შემდეგ ბევრი გადაცდენა და მსგავსი ფაქტები ხდება უნივერსიტეტში”, – განაცხადა გიგლა გობეჩიამ.
აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ამ დრიოსათვის კომენტარს არ აკეთებს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მერაბ ბერიძის თქმით, „აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს“
უნივერსიტეტმა ლალი მოროშკინას ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება 20 აპრილს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს:
„სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია უნივერსიტეტის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, საზოგადოებას აწვდის ზუსტ ინფორმაციას მცდარი ფაქტების შესახებ და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მიუდგნენ ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას“ – ნათქვამია განცხადებაში.
უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერაბ ბერიძე არ გადადგება, ისინი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავენ.
|