ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამი თვე დარჩა. აბიტურიენტები მისაღები გამოცდებისათვის აქტიურად ემზადებიან. მათ არჩევანი უკვე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლიათ. აბიტურიენტების მისაღებად მზად არის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. დაწესებულება ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს.
ავთო ლომიძე იმ აბიტურიენტებს შორისაა, რომელიც მისაღები გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება. მან სააპლიკაციო ფორმა უკვე შეავსო და არჩევანი ორი მიმართულებით გააკეთა. ავთოს სურვილია სწავლა ჟურნალისტიკის ან მედიცინის მიმართულებით გააგრძელოს. თვლის, რომ 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საშუალო სირთულის იქნება, ამიტომ იმედი აქვს, რომ ტესტირებას თავს წარმატებით გაართმევს.
წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეებია. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლება ჩააბარონ, რადგან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება მე–9 – მე–10 კლასის ჩათვლით სავალდებულოა. სიახლეა გეოგრაფიისა და ისტორიის გამოცდაშიც. გეოგრაფიის ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება, ხოლო ტესტის მაქსიმალური ქულა 70–ის ნაცვლად 60. რაც შეეხება ისტორიას, ტესტი 80 ქულის ნაცვლად 70 ქულიანი იქნება, თუმცა გამოცდის ხანგრძლივობა არ შეიცვლება. უცხო ენის გამოცდაში, მოსმენის ნაწილში, აბიტურიენტს 8 დავალების მაგივრად 10–ის შესრულება მოუწევს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ემზადება. დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 1000 ადგილია. კონკურსი გამოცხადებულია 20 საბაკალავრო პროგრამაზე, აქედან ოცივე ახალციხეში ხორციელდება, ხოლო ხუთი ახალქალაქში. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს 360 აბიტურიენტს მიიღებს.
2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე 40 000–ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ ამ მხრივ აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ცვლილებები განახორციელონ. შეუძლიათ მონიშნული საგნების ფარგლებში, შეარჩიონ ესა თუ ის ფაკულტეტი, გადაადგილონ რეიტინგულ სიაში, ან საერთოდ წაშალონ. 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა გამოცდები ორ ივლის დაიწყოს.
|