მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გასაცნობად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხეს ესტუმრა. თამარ სანიკიძე და სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის პედაგოგებს, პროფესორ–მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
“იმისათვის, რომ პედაგოგი პროფესიულად განვითარდეს, მან ოთხი საფეხური უნდა გაიაროს, ახლო მომავალში კი მასწავლებლობა ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდება” –ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ახალციხეში ვიზიტის დროს გააკეთა. თამარ სანიკიძემ, სამცხე–ჯავახეთის პედაგოგებს, პროფესორ–მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა გააცნო. მან ასევე, განათლების სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და საქართველოში არსებული უნივერსიტეტების როლზე ისაუბრა. თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები განათლების სიტემაში 2016 წლიდან დაინერგება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. პედაგოგებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააჟღერეს და სქემის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ადიგენის მუნიციპალიტეტში გაგემგზავრა, სადაც მან სოფელ არლის მშენებარე სკოლა დაათვალიერა. თამარ სანიკიძის თქმით, შენობა სრულიად ადაპტირებული იქნება და ახალი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
|