ახალციხელი მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები გახდნენ. №6-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა “მზექას” მოსწავლეების, ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის გუნდის პროექტმა „მულტიკლიმატიზატორი“ პირველი ადგილი მოიპოვა. საბუნებისმეტყველო მეცნიერების ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ პროექტს უპირატესობა ინოვაციური მეტეოროლოგიური სისტემის გამოგონებისთვის მიანიჭა. კონკურსში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.
საქართველოში მიღწეული წარმატების შემდეგ, ახალციხელი მოსწავლეები აშშ-ში გაემგზავრებიან და მონაწილეობას კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში მიიღებენ, რომელიც 2015 წლის 9-11 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center) გაიმართება.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლის სექტემბერში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 9 რეგიონის 77 სკოლიდან 88 გუნდმა მიიღო.
|