ახალციხის მე–6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა თუმცა, მოსწავლეების დიდი ნაწილი გაკვეთილებს არ ესწრება. მიზეზი სკოლაში არსებული გათბობის პრობლემაა. რამდენიმე დღეა დაწესებულება საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს და საგაკვეთილო პროცესი შემცირებულია.
ახალციხის, მეექვსე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეფერხებით ტარდება, მიზეზი გათბობის სისტემაა. სკოლაში, სადაც 270–მდე ახალგაზრდა სწავლობს საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეთა მცირე ნაწილი ესწრება. სიცივის მიუხედავად, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია მუშაობას მაინც აგრძელებენ.
მეექვსე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების საგანგებო რეჟიმში უკვე ერთი კვირაა მუშაობს. სიცივის გამო აქ საგაკვეთილო პროცესი შემცირებულია და 45–ის ნაცვლად 35 წუთით განისაზღვრება. პედაგოგების თქმით, იმისათვის, რომ დაწესებულებებში პროცესი არ შეჩერებულიყო საგანმანათლებლო რესურსცენტმა დაწესებულებას ელექტრო გამათბობლები გაუგზავნა.
მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობის ახალი სისტემა, რისთვისაც ბუნებრივი აირი გამოიყენება, მიმდინარე წელს დამონტაჟდა. თუმცა, სისტემის დროული გამართვა ვერ მოხერხდა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ დროისათვის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეკა დალალიშვილი ირწმუნება, რომ ხვალიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში გარძელდება.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სკოლაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობით აცნობეს. ცენტრალური უწყების გადაწყვეტილებით, სკოლას შეეძლო სწავლა გაეგრძელებინა ან დროებით შეეწყვიტა, ხოლო გაცდენილი საათები შემდეგ აენაზღაურებინა. სასწავლო დაწესებულებაში საგაკვეთილო პროცესი მხოლოდ ერთი დღით შეჩერდა.
|