ჩატარდება თუ არა საბოლოო გამოცდები სკოლებში?
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ნაწილი წლიური გამოცდებისთვის ემზადება. მართალია, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები სამინისტროს ინიციატივით აღარ ტარდება, და საატესტატო გამოცდები უწყებამ ჭერ კიდევ 2019 წელს გააუქმა, მაგრამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაატარონ ტესტირება მოსწავლეებისთვის.
შესაძლოა, წლიური გამოცდის ქულამ მოსწავლეთა წლიური შეფასებაც შეცვალოს. ამიტომ მოსწავლეები გამოცდებთან დაკავშირებით ღელავენ.
შეუძლია თუ არა სკოლას წლიური გამოცდის მოულოდნელად დანიშვნა? რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილოს დირექციამ მოსწავლეები, თუ წლის ბოლოს გამოცდის ჩატარება იგეგმება?
წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. იმ შემთხვევაში თუ სკოლა საგნის წლიური გამოცდის დანიშვნას გადაწყვეტს, დირექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასებში და რომელ საგნებში ჩატარდება გამოცდები და მიღებულ ქულას ექნება თუ არა გავლენა საგნის წლიურ ქულაზე. შესაბამისად, მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, წლის ბოლოს მათი ცოდნა გამოცდით შემოწმდება თუ არა.
ცნობისთვის, სკოლას უფლება აქვს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. წლიური გამოცდის დანიშვნის შესახებ კი ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
როგორი ფორმით უნდა ტარდებოდეს წლიური გამოცდები?
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური კონტექსტის დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხიანი ტესტების შეთავაზება.
წყარო: etaloni.ge