ვინ მიიღებს 10 000-ლარიან პრემიას?
წელს 10 000-ლარიან პრემიას 10 მასწავლებელი მიიღებს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულ პროექტშია საუბარი.
ცნობისთვის, მთავრობამ შეიმუშავა მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით მასწავლებელი მიიღებს, მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც შეადგენს, ერთდროულ ფულად გასაცემელს და ასევე სამკერდე ნიშანს. გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე - 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წლისთვის მასწავლებლის ეროვნულ პრემიას მიიღებს 10 მასწავლებელი.
საშუალოვადიან პერიოდის ბიუჯეტი დაახლოებით შეადგენს 3 600 000 ლარს. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 600 ათასი ლარით, რაც მოიცავს 10 მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.
2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება 1 000 000 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავს მასწავლებლების ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს,“ - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.