საქართველოდან რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა 100-მდე განაცხადი შევიდა
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე განმცხადებელმა გამოთქვა, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს" საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციაში განუცხადეს. კვოტა იყო 200 ადგილი. სწავლა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად მზადაა რუსეთის ნებისმიერი უნივერსიტეტი, გარდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (МГУ ) და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტისა (МГИМО).
„ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებსაც“, - აცხადებენ რუსეთის ინტერესთა სექციაში.
"ტასსის" თანამოსაუბრის განცხადებით, ქართველ აბიტურიენტებს შორის პოპულარობით სარგებლობს შემდეგი სპეციალობები: მედიცინა, ლინგვისტიკა , IT სფეროს სპეციალობები, ეკონომიკა, ინჟინერია, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერება და მშენებლობა.
„დღესდღეობით საქართველოს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური საზრიანი სპეციალისტები, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ მშენებლობის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის სფეროების სპეციალობებს“, - აცხადებენ რუსეთის ინტერესების სექციაში.
რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. განაცხადის შესატანად საჭიროა დარეგისტრირება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე, განყოფილებაში "განათლება რუსეთის ფედერაციაში".
ვებგვერდზე განთავსებული ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მითითებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.
მანამდე საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქეები რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე შეძლებენ". განაცხადების მიღება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უჭირს იმის თქმა, რისთვის აკეთებს რუსეთი ამას, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ყველას მართებს სიფრთხილის გამოჩენა:
„სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება. იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები“.
რუსეთის განათლების სისტემა, ისევე როგორც საჯარო საქმიანობის თითქმის ყველა სფერო, უკიდურესად იდეოლოგიზებულია. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გავლენით იწერება ახალი სახელმძღვანელოები და მტკიცდება ახალი სასწავლო პროგრამები, ხოლო განსხვავებული აზრის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები იდევნებიან უმაღლესი სასწავლებლებიდან. 2022 წლის 24 თებერვლის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთი დატოვა რამდენიმე ასეულმა ცნობილმა მეცნიერმა, მათ შორის, რუსეთის ყველაზე რეიტინგული სასწავლებლის - მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის - არაერთმა თანამშრომელმა. ბევრად მეტს (არასანდო პედაგოგებს) მოგვიანებით დაატოვებინეს სამსახური.