ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია სრულდება
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 აპრილის, 18:00 საათზე დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლას ვეღარ შეძლებენ.
„გამოცდაზე დარეგისტრირებულებს 15 აპრილის, 18:00 საათამდე შეეძლებათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ექნებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge“-, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.