თსუ-ში „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის“ ანგარიში გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2023“-ის ანგარიშის ფარგლებში ფოტოგამოფენა "ჯავახეთი 2023" გაიმართა.
სტუდენტური ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან დღემდე პროექტში 2500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი შეხვდა. მისი თქმით, ექსპედიცია არა მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათისაა, არამედ სტუდენტების კომუნიკაცია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. „მოხარული ვარ, რომ თსუ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ექსპედიციებში. ეს არის უნივერსიტეტის მესამე მისიის თვალსაჩინო მაგალითი - ჩვენი სტუდენტების აქტივობა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ემსახურება“, - განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.
ექსპედიცია თსუ-ს სტუდენტური პროექტების ფარგლებში დაფინანსდა. ექსპედიციის მთავარი მიზანია საქართველოს ერთ-ერთი კუთხით - ჯავახეთით სტუდენტების დაინტერესება; მათი ინტეგრაცია სომხურენოვან, ბერძნულენოვან და ქართველ მოსახლეობასთან; ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და მათთან ერთად განხორციელება; ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების მონახულება.
2024 წლის ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 22 ივლისიდან - 12 აგვისტოს ჩათვლით მოეწყობა და მასში თსუ-ის 15 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა: პოეზიის საღამოს მოწყობა, ქორეოგრაფიული კონცერტი, სალექციო ტიპის თემატური საუბრები; ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ერთობლივი აქტივობების განხორციელება; ექსპედიციის მონაწილეთა მიერ კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების მონახულება და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება.
„ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ინიციატივით ყოველწლიურად ეწყობა.