ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უცხო ენებში ქვეყნდება
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველად შედეგებს აქვეყნებს.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 14 ქულაზე მეტი. ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა პირველადი შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.