ბაკურიანში 3.7 მილიონ ლარად საბავშვო ბაღი აშენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაკურიანის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.7 მილიონი ლარია.
,,ახალ საბავშვო ბაღში პროექტით გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.
დაბა ბაკურიანში უკვე დასრულდა ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია.
პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.
პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.
განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.