"დაუშვებელია სასწავლო პროცესის პოლიტიზება" - ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს, მას "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი მოჰყავს, სადაც წერია, რომ დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.
"საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ “
მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება" - ვკითხულობთ ხათუნა ხმალაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ დღეს 2 დეკემბერს, ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ, მათ სკოლის ადმინისტრაციას დაუტოვეს დაფაზე წარწერა "საქართველო რუსეთი არ გახდება"!.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერებას, ასევე თბილისში მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლას და მათ მიმართ ძალადობას, აპროტესტებენ სკოლის მასწავლებლების ნაწილიც. ზოგი მათგანი თავიანთ პროტესტს სოციალურ ქსელში გამოხატავს, ნაწილი კი ახალციხეში რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ გამართულ აქციებს უერთდება.