„პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება" - განათლების ექსპერტები
"პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება," - ამის შესახებ უმაღლესი განათლების სფეროს ოთხმა ექსპერტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მათი განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. ამის მიზეზი კი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა.
„საუბარია, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ), უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვასა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმებაზე, რაც ნიშნავს, რომ:
საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს;
მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.
ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე," - ნათქვამია უმაღლესი განათლების ექსპერტების: ირინე დარჩიას, ლიკა ღლონტის, მარინე ჩიტაშვილსა და ქეთი ცოტნიაშვილის განცხადებაში.