„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას" - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQA-ს და EQAR-ის წევრობის გაუქმებაზე
"უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე",- ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაშია საუბარი.
საქმე ეხება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ), უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვასა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმებას. რომლის შედეგადაც, ექსპერტების თქმით, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება პრობლემური გახდება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ცენტრი იმედოვნებს, რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, ცენტრი აპირებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
"დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია" - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.