განათლება
სკოლებში ექსტერნის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მსურველი პირები დარეგისტრირებას დღეიდან, 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 17 მარტიდან, 4 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:
- იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
- თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გააზიარეთ :