“15 წლის ქართველი მოსწავლე არის ნატანჯი” – ალექსანდრე ჯეჯელავა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შუა კლასებში საგაკვეთილო მასალის შემცირებას გეგმავს.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შემცირდება, არა საათები, არამედ მთელი წლის განმავლობაში სასწავლი პროგრამა.
"მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები უნდა იყოს ძალიან დატვირთული. ჩვენთან მეთორმეტე საერთოდ არ არის დატვირთული, საერთოდ რატომ არის, გაუგებარია. ამის ხარჯზე მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასები უნდა განიტვირთოს" – განმარტავს მინისტრი.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ბავშვი თუ კლასგარეშე თემებითაა დაინტერესებული, მასწავლებელს ამისთვის დრო უნდა ჰქონდეს. უნდა დაეხმაროს დავალების კარგად ახსნასა და მომზადებაში.
"ჩვენ ვამბობთ, რომ მეექვსე კლასელი როცა მივა სახლში, საათნახევარში, ორ საათში უნდა დაასრულოს დავალების მომზადება. მთელი დანარჩენი დრო უნდა ჰქონდეს, გართობისთვის, სპორტისთვის, ცელქობისთვის. ბავშვია და უნდა იყოს ბავშვი". ზედმეტი დატვირთვით, შუა კლასებში, იცით რას ვაღწევთ? ვეღარ იტანენ სწავლას. როცა სწავლის დრო მოუვათ აღარ უნდათ სწავლა. რომ შეადარო თხუთმეტი წლის ქართველი და გერმანელი მოსწავლე, 15 წლის ქართველი მოსწავლე არის ნატანჯი" – აღნიშნავს ალექსანდრე ჯეჯელავა.
სასწავლო პროგრამაში ცვლილების შეტანის თაობაზე განათლების მინისტრმა ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და დირექტორებს19 აპრილს შეხვდა.