საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს ახალი შემადგენლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის 38–ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აირჩიეს.
ორი სკოლის სამეურვეო საბჭოს
არჩევნები ჩატარდა ქალაქის მესამე საჯარო სკოლაში. სომხურენოვანი
სასწავლო დაწესებულების გარდა აქ, საარჩევნო ოთახი პირველი
სკოლისთვისაც მოეწყო, რადგან ამ უკანასკნელში სარეაბილიტაციო
სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საარჩევნო უბანი ყველა სკოლაში 09:00 საათზე გაიხსნა, რა დროსაც კომისიის წევრებმა ფუნქციები ფარული კენჭისყრით გადაინაწილეს. საარჩევნო ყუთებში მოხდა საკონტროლო ფურცლის ჩაგდება, რის შემდეგაც ზუსტად 10:00 საათზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.
სამეურვეო საბჭოს არჩევნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში დააკვირდნენ.
ხმის მიცემა სკოლებში 16:00 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც ბიულეტენების დათვლა დაიწყო.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თქმით, საარჩევნო პროცესმა მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში დარღვევების გარეშე ჩაიარა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნებზე სკოლები ექვს პედაგოგსა და ექვს მშობელს ირჩევენ.
სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
|