განტვირთვა
საუბარი აფხაზთან
არ ვიცი როგორ დავიწყო, ან საიდან დავიწყო. იმ არაბთან საუბრის მერე, ცოტა მიჭირს წერა, მაგრამ ყოველგვარი მხატვრულობის გარეშე, როგორც შევძლებ შევეცდები გადმოვცე.

კვირა დღეა, 27 სექტემბერი. ფეისბუქში შესვლა აღარ მინდა ისე ვარ, ყველა სოხუმის ტრაგიკულ ამბებს იხსენებს. მეც ხასიათი მომეშალა. ამ ფონზე შემთხვევით პოსტი შემომხვდა, სადაც ზარზეიმით აღნიშნავენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. კომენტარებიც ისეთია... აღარ აღვწერ. მოკლედ ვერ მოვითმინე და დაუკომენტარე პირდაპირ შემდეგი ტექსტი:

,,მურვან ყრუს შემდეგ 250 წელი დაჭირდა საქართველოს გაერთიანებას. კიდევ 100 წელი აღმაშენებლის დრომდე. 350 წელი დაჭირდა დიდი საქართველოს აშენებას... 27 წელია მხოლოდ გასული სოხუმის დაცემიდან.... ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!!!”

ხასიათმოშლილმა ტელეფონი დავდე და ჩემს პირად სამუშაო მაგიდას მივუჯექი. გეგმაში მქონდა გიორგი კეკელიძის აქციას შევრთვოდი - პანდემიისას წიგნის კითხვით.

ათ წუთში მესინჯერის ხმა გაისმა, დავხედე ტელეფონს და ვინმე უცხო ამირი მწერს. ის არის ვისაც დავუკომენტარე. მწერს მარა რა მწერს, კორიანტელია ქართველთა ხსენებისაი. არ ჩერდება... ამასობაში მეც ვფიქრობ, მაგრამ საქმე ისაა, რომ აფხაზთან ცხოვრებაში არ მისაუბრია. არც ფსიქოლოგია ვიცი პრაქტიკულად მათი და არც ის ვიცი ვინაა საერთოდ. ფიქრში ვარ რა გავაკეთო. გინებით რომ საქმე არ გამოდის მაგი დიდი ხანია ვიცი, მარა თავმოყვარეობა მეც მაქვს ბოლო-ბოლო. მთელი დღე ტრაგიკული პოსტების მერე, ახლა ამას ელაპარაკე... პროფილის ფოტოს დავხედე, ახალგაზრდაა. ვხვდები რომ გარკვეული გადაწყვეტილება უნდა მივიღო, კი ბატონო არ მიაქცევ კაცი ყურადღებას და ბოლოს ისიც წავა, მაგრამ უპასუხოდაც ვერ დავტოვებ. ერთადერთი გადაწყვეტილება რაც მივიღე - ფანჯარასთან მივედი, ყავა მოვიდგი, სიგარეტს მოვუკიდე და... დამარტყა კიდეც თავში - მე ხომ თავში ავარდნილი ქართველი ვარ!!! იმ არაბს ხომ გავეცი პასუხი და ეს ვინღაა ბოლო-ბოლო!

ჩემთვის გავიაზრე, ეს უნდა შემოვატრიალო თქო. ამის გააზრებაზე მეც გამეცინა. ფაქტია ტაქტიკა დამჭირდება, ბევრიც არ მიფიქრია და ჩავერთე.

- მეგობარო გამარჯობა!
აუფ, მგონი არ ელოდებოდა.
- პაუზაა იქიდან... (აქ ერთი დეტალი - რუსული შრიფტი არ მაქვს და ლათინური ასოებით და ჩემი ძველი რუსულით ვცოდვილობ)
- მეგობარო, რადგან შემოხვედი სასაუბროდ, ალბად სათქმელიც ბევრი გაქვს, რადგან ამდენს მწერ. მე ესა და ეს კაცი ვარ, მყავს ოჯახი, ვმუშაობ აქ... შენ სადაური ხარ?

მომწერა ამირმა მოკლედ ვინაობა და გააგრძელა კრემლის დავთრები...

- ამირ, მოდი ასე შევთანხმდეთ - რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის, რა საუბარიც არ უნდა გვქონდეს ურთერთში, ერთმანეთთან კავშირი არ გავწყვიტოთ. საქმე ისაა, რომ აქ მიმოწერით ვერც შენ ვერაფერს დაამტკიცებ ისტორიიდან და ვერც მე ვერაფერს დაგიმტიცებ. ამიტომ უბრალოდ კაცურად და თანაც კავკასიურად ვისაუბროთ. ამისთვის გთავაზობ პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილებას პრინციპით 50/50-ზე. რომ რაც არ უნდა მოხდეს, რადგან შევხვდით, უბრალოდ კავკასიურად გვქონდეს ერთმანეთთან კაცური ურთიერთობა და ამაზე პასუხისმგებლობა ორივემ ავიღოთ “თანაბრად”.

იქიდან ჯერ პაუზაა... და მომწერა.

- ეგრეთი რამ ჩემთან ჯერ არავის უთქვამს.
- ამირ, გაითვალისწინე რომ მე შენ არ გიცნობ, არც ის ვიცი ვისთან ურთიერთობ. ჩემი ვინაობის შესახებ მე ყველაფერი გითხარი თითქმის, ვინ ვარ და რას ვსაქმიანობ. ისტორია თუ მართლა გაინტერესებს, იცოდე რომ ისტორიის შესახებ შედეგიანად მხოლოდ ნაცნობები მსჯელობენ. შესაძლოა მე ბევრი რამ არ ვიცი ან პირიქით შენ არ იცი. ფაქტი კი ის არის რომ ორივეს გვაინტერესებს. ეს რომ შევძლოთ, ამისთვის კაცური გაცნობაც პასუხისმგებლობაა და მერე ამის შენარჩუნებაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. მე კი ამ პასუხიმგებლობას თანაბრად, თანასწორად გთავაზობ.
გაჭრა! ღიმილის სმაილიც მოვიდა.
ამირი: კარგი, მოვილაპარაკეთ.
მე: ამირ, შენ ამბობ რომ აფხაზი და აფსუა ერთია.

- კი.
- მისმინე, აფსუები ხომ ადიღეელები არიან?
- კი, მაგრამ ჩვენ ერთნი ვართ;
- კარგი, ადიღეელები ხომ ადიღეურ ენაზე საუბრობენ?
- კი.
- და აფხაზები?
- ჩვენ ჩვენი საკუთარი ენა და დამწერლობა გვაქვს, აფხაზური.
- ამირ ეგ ვიცი და მაინტერესებს, თუ ისინი ადიღეურ ენაზე საუბრობენ და თქვენ აფხაზურ ენაზე, ერთნი როგორ ხართ?
............
დიდი ხნის პაუზაა...
- ამირ, აქ ხარ? ჩვენი პირველი შეთანხმება არ დაგავიწყდეს. უბრალოდ მე ვერ გავერკვიე ამ საკითხში და მაგიტომ გეკითხები.
- იცი რა არის, ქართველები რატომ შემოვარდნენ ჩემს ოჯახში, რატომ გვხოცავდნენ...?
- ამირ, სხვისი არ ვიცი მაგრამ მე პასუხი მაქვს მაგაზე. უნდა დამაცადო და მომისმინო.
- გისმენ.
- შენ შოთა რუსთაველი ხომ იცი?
- კი.
- რუსთაველის გამზირი გვაქვს აქ თბილისში. მანდ რატომ შემოგივარდნენ კი არა და ქართველებმა ერთმანეთი ჩავხოცეთ აქ და ეგ გამზირი ისეთ დღეში იყო, სტალინგრადი მონაგონია...

.... პაუზა....

- და რატომ?
- ამირ, კრემლი გაგიგია?!
- ახლაც მოსკოვში ვარ.
- ჰოდა მთელი შეიარაღებული ბანდები ფინანსდებოდა. აქ გვეუბნებოდნენ, რომ ჩეჩნები, კაზაკები და კიდევ ვეღაცეები აფაზეთს გართმევენო. მანდ კი აფხაზებს ეუბნებოდნენ, რომ ქართველებს თქვენი გაყრა უნდათო. იარაღი თქვენც დაგირიგეს და ჩვენც. და იცი აქ მთავარი რა არის? საქმე ისაა, რომ საქართველოს ნამდვილი ისტორია მეც არ მისწავლია სკოლაში. რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ახლა გავერკვიეთ ნამდვილ ისტორიაში. ახლა ამოიწია ევროპის ბიბლიოთეკებიდან არქივები და რუკები. და იცი შენ, დღეს რომ იტალია თავისუფალი ქვეყანაა, ვისი დამსახურებაა მათ შორის? ქალაქ ტოვენას სასაფლაოს შესასვლელში, ერთ საძვალეს აწერია: ,,შეჩერდი იტალიელო, აქ განისვენებს ქართველი, რომელმაც შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა.”

ასეთები ბევრი გვაქვს და არაფერი ამის შესახებ აქ ჩვენ არ ვიცოდით წესიერად.

- ეგ რა შუაშია?
- მისმინე, მეგობარო. შენ რომ ამბობ აფხაზი ქართველი არ არისო. გრიგოლ ხანძთელი მაშინდელ აფხაზეთში მოღვაწეობდა, არქიმანდრიტი იყო და შემდეგ ააშენა მთელი ქრისტიანული რენესანსები იქ, საიდანაც პირველად სიტყვა საქართველო დაიბადა. ვიმეორებ ის აფხაზეთიდან წამოვიდა კლარჯეთში და ერთიანი ქართული სახელმწიფოს სულ პირველი მეფის საფლავიც ბედიის მონასტერშია, ალბათ მაგის გადათეთრებაც მოასწრეს უკვე...

... პაუზა...

ეგ იქით დარჩეს, ერთი რამ იცოდე, დღეს რომ რამე მოხდეს, ქართველი აფხაზს არ ესვრის, გამორიცხულია. მაშინ საბჭოთა არმიის დაშლილი ნაწილები იბრძოდნენ, თუ ამას ბრძოლა ერქვა. დღეს მე არ და ვერ ვესვრი აფხაზს, რადგან ვიცი თუ ვინაა ის. მაგრამ იცოდე, აფხაზეთში რუსი თუ დამიდგება წინ ან მოვკლავ ან შევაკვდები.

- იცი ჩვენ 18% დავრჩით და იცოდე რომ აფხაზეთი აფხაზებისაა.
- ამირ გეთანხმები, მასეა და ზუსტად ეგ მინდა მე, რომ თუ აფხაზი ხალხი არ გადარჩა, მაშინ ნურც ქართველი ნუღარ დარჩება. რადგან ქართველი აფხაზის, აფხაზური კულტურის და აფხაზური ენის გარეშე არ არსებობს. იცი თუ არა რომ აქ თბილისში აფხაზური ენის ფაკულტეტი გვაქვს, აქ ვცდილობთ რომ ეს ენა არ დაიკარგოს და არც დაიკარგება.
(ცრემლის სმაილი მოვიდა) მპასუხობს:

- იცი, ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ;
- ამირ, პირობა 50/50-ზე არ დაგავიწყდეს. არ იფიქრო, რომ მტკივნეულ ადგილზე მინდა დაგაჭირო ან სიტყვაში მოგიგო. შენ ან შენ მეგობრებს შეგიძლიათ ან სპორტში, ან მეცნიერებაში, ან ტექნოლოგიებში სადმე ევროპაში ან იაპონიაში გახვიდეთ და იასპარეზოთ?
- არა...
- გულზე ხელი დაიდე და მითხარი, რისთვის იბრძოდით?
- ჩვენ ყველამ მიგვატოვა;
- არა ამირ, მე არ მიმიტოვებიხარ. პირველი აფხაზი ხარ ვისაც პირისპირ ვესაუბრები. როგორ ფიქრობ უბრალოდ მოცლილი ვარ თუ ვერთობი აქ? მე არ ვიცი აფხაზეთში ვინ რა ჩაიდინა, უფრო სწორად ჩაადენინეს. მაგრამ მე ახლა კიდევ ერთი პირობა უნდა მომცე, თუ ვინმე ჩამოვა შენი ახლობელი საქართველოში, არ აქვს მნიშვნელობა აფხაზი იქნება თუ აფსუა. იცოდე მეგობრობას ეროვნება არ გააჩნია, არც პროფესია და არც ასაკი. მე ახლა ჩემ ტელეფონის ნომერს მოგცემ, მიეცი თამამად და დამირეკოს თავისუფლად. დავხვდები, ვუმასპინძლებ და თუ რამეში დახმარება დაჭირდება, შევეცდები დავეხმარო. არ აქვს მნიშვნელობა სასწავლებლად იქნება ჩამოსული თუ რაიმე ბიზნესის საქმეზე (საავადმყოფო და მკურნალობა საერთოდ არ ვახსენე).
ამირის პასუხი:
- ჩემი ბიძაშვილია მანდ გათხოვილი;
- ჰოდა შენ სიძეს მიეცი ჩემი ნომერი, დამიკავშირდეს და ოჯახით მესტუმროს, ჩემს ოჯახსაც გაიცნობს და დანარჩენს ის თვითონ გეტყვის, ჩემი გაცნობის შემდეგ;
- კარგი, მადლობა (გულის სმაილი წამოვიდა. თანასწორობამ გაჭრა. მაგრამ ვგრძნობ, რომ საბოლოო დარწმუნებაში რაღაც მაკლია);

და დავიწყე ისევ:
- ამირ, ხომ გახსოვს 50/50-ზე;
- კი მეგობარო;
- აქამდე მე გეუბნებოდი ჩემსას, ახლა შენი ჯერია; (უკვე სმაილებიც ზედმეტია)
- კი მაგრამ სხვა ქართველები ასე ნორმალურად რატომ არ მელაპარაკებიან? (ყელში რაღაც გამეჩხირა)
- ამირ, ჩვენი საწყისი პირობა იმისა ვთქვით, რომ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ რაც არ უნდა მოხდეს, ხომ ასეა? ამიტომ ახლა რასაც გეტყვი, არ ჩათვალო რომ ჭკუას გასწავლი. თუმცა იმიტომ დავდეთ ეს პირობა რომ ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ. ჩვენ საუბარს რომ მოვრჩებით, ეს მიმოწერა თავიდან წაიკითხე და დააკვირდი ვინ დაიწყო საუბარი, რა ტონით და რა ბრალდებებით?! ყველა ერთნაირი არ არის და ყველას ერთნაირად მოთმენა არ შეუძლია. დააკვირდი რისთვის შემოხვედი ჩემთან პირად მესინჯერში და ახლა რას ვაკეთებთ... გაითვალისწინე, რომ იქ ვინ ვის ესროდა მე ეს აღარ მაინტერესებს. აქ მე და შენ ვსაუბრობთ და ჩვენ პირობა დავდეთ. ეს ყველა პირობა თითქოს მე წამოგიყენე და შევთანხმდით. მერე რომ რამეზე გული არ დაგწყდეს, ამიტომ ახლა შენ მითხარი რამე პირობა. და მიპასუხა:

- მე სტუდენტი ვარ და მოსკოვში ვსწავლობ, ჩემთვის სახიფათოა ეს მიმოწერა, ეს რომ გავითვალისწინოთ ორივემ...
- და ამის მერე შენ მე მეუბნები, რომ თავისუფლები ხართ? იცი ამირ, მე თავისუფალი მოქალაქე ვარ ჩემ ქვეყანაში და თავისუფლად გამოვხატავ აზრს. სხვა ქვეყანაშიც რომ ვიყო, ჩემი ქვეყანა იქაც მიცავს, ყოველგვარი იარაღის გარეშე. მარტო ცხინვალში ვერ ვიცავთ ადამიანებს ჯერ-ჯერობით, თუმცა ბოლოს ექიმიც უვნებელი დავიხსენით. მსოფლიო დიდია ამირ და არა რუსეთი. გარეთ გაცილებით ბევრი რამ ხდება. დადგება ეგ დრო, მე და შენ ერთად გავალთ ევროპაში და იქ ღვინის ფესტივალზე, როგორც შოტლანდიელი წარსდგება ბრიტანელებთან ერთად, ისე შენ წარსდგები როგორც აფხაზი ქართველებთან ერთად. ახლა კი, რადგან საუბარი დღეს შენ დაიწყე, შენვე დაასრულე.

- ჩემი სიძე გეტყვის როგორ დამიკავშირდე.

საუბრის დასასრული.

ბ. თ. ეს იყო 27 სექტემბერი 2020. არ ვიცი შეცდომა დავუშვი თუ არა, ან სად დავუშვი. პირველად ვესაუბრე აფხაზს. ისიც მკითხა ნამყოფი ვიყავი თუ არა სოხუმში... საუბარი კი ორი საათი გრძელდებოდა. ერთში კი დავრწმუნდი, შეიძლება ამ ხალხის შემოტრიალება. არ ვიცოდი, არ მეგონა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 3 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
ასპინძა 3 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 1 °C
img
ბაკურიანი -5 °C
img
ნინოწმინდა -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6553
RUB
RUB
100
4.4764
TRY
TRY
1
0.3265
USD
USD
1
3.1400
AMD
AMD
1000
6.5842
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.