ზამთარი მოდის, კიდევ უფრო რთული პერიოდი - რა ელის სურსათის ფასებს?
COVID19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა. ქვეყანაში 622 923 ადამიანი სოციალურად დაუცველია და თავის რჩენა უჭირთ. ამას ემატება ფასების ზრდა მედიკამენტებზე, სურსათსა და ნავთობპროდუქტებზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზეთი და ცხიმი გაძვირდა 40.7%-ით, ბოსტნეული - 38.2%, რძე, ყველი და კვერცხი - 17.1%, შაქარი - 16.6%, პური და პურპროდუქტები - 13.2%, ტრანსპორტი - 20.3%-ით.
რა იწვევს სურსათზე ფასის მატებას - ამ საკითხზე დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ივა ჭყონიას ვესაუბრეთ.
ბატონო ივა, რა განაპირობებს საქართველოში სურსათზე ფასების მატებას?
ფასების სტაბილურად მატება, უპირველეს ყოვლისა, ხდება იმიტომ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილებაა. მოთხოვნა არის გაზრდილი ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა შაქარი, ხორბალი, ყავა...
გვახსოვს, რომ შარშან სუბსიდირების პროგრამა იყო ჩართული, რომ გარკვეულ პროდუქტზე ფასი არ გაზრდილიყო. როგორც კი ეს პროგრამა დასრულდა, ფასი მომენტალურად გაიზარდა.
კიდევ ერთი სუბსიდირების პროგრამა ხორციელდებოდა საწარმოების მიმართულებით, ასუბსიდირებდნენ როგორც გაზს, ისე ელექტროენერგიას. ეს პროგრამაც როგორც კი დასრულდა, რა თქმა უნდა, მათი ნაწარმის ფასიც გაიზარდა.
სუბსიდირება წარუმატებელია, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა კუთხით ვერ შეძლებენ ფასების დასტაბილურებას და არ იქნება შესაძლებელი, რომ სუბსიდიის შემდეგ იგივე ნიშნულზე დარჩეს ფასი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სუბსიდირება ექვსი თვე რაც იყო, წყალში გადაიყარა ფული. ექვსი თვის შემდეგ იგივე შედეგი მივიღეთ - 20 თეთრით გაძვირდა პური. მთელი ეს პერიოდი, ჩვენს გადასახადებს წყალში ვყრიდით, შედეგი არ არის.
მსყიდველობითი უნარიანობა წლიდან წლამდე მცირდება, ინფლაციის მაჩვენებელი კატასტროფულ ნიშნულზეა - 12% არის ძალიან საგანგაშო. გარე ფაქტორების გარდა, შიდა ფაქტორებმა, ლარის კურსმა და პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია.
კატასტროფულად გაზრდილ საწვავის ფასზე პირდაპირაა მიბმული სადისტრიბუციო კომპანიები. ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმ ნეგატიურ მონაცემს, რაც ქვეყანაში გვაქვს.
როგორი მოლოდინი აქვთ დისტრიბუტორ კომპანიებს? რა მოხდება ერთ, ორ თვეში?
ზამთარი მოდის, კიდევ უფრო რთული პერიოდი. როდესაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ადგილობრივი, სოფლის მეურნეობის პროდუქციაც ამოილევა... გაძვირებულია ლოჯისტიკა, კომუნალური გადასახადები. აქედან გამომდინარე, ფასების მატება მოსალოდნელია. შესაძლოა ისე არა, როგორც ეს აქამდე იყო, მაგრამ გაძვირდება.
ანუ, ძირითადად გარე ფაქტორები მოქმედებს ფასის მუდმივ ზრდაზე?
გარე ფაქტორები მოქმედებენ, მაგრამ რაც უფრო სწორად დავეხმარებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას, რაც უფრო სწორი სტრატეგია ექნება სახელმწიფოს და არა მხოლოდ სუბსიდირება და ვაუჩერები, რადგან გვანახა ამ წლებმა, რომ მილიარდზე მეტია დახარჯული ამ მიმართულებით და შედეგი არ არის ის, რაც უნდა იყოს. ძალიან ნელა ვვითარდებით და ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვფიქრობ, სხვა სტრატეგიაა დასაწერი, რომ რაც შეძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და მეტი პროდუქცია წავიდეს ექსპორტზე, ამასთანავე, გვქონდეს იმის საშუალება, რომ მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქტი მივაწოდოთ და არა იმპორტირებული. ეს არის გამოსავალი და ჩვენი ხსნა.
როგორც თქვით, პროდუქტმა ფასი მოიმატა მსოფლიო ბაზარზე, გაძვირდა საწვავი, ლოჯისტიკური მომსახურება და ა.შ. მაგრამ ეს პროცესი ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში მოსახლეობისთვის ასეთი მტკივნეული არ არის, როგორც საქართველოში.
ცალსახაა, რომ ჩვენთან ბოლო წლებში ცხოვრების დონე, საშუალო ხელფასი არ გაზრდილა. ძალიან რთულია, როცა ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან 100%-ით გაუფასურებულია და 12% აღწევს ინფლაციის მაჩვენებელი, რაიმე დამაიმედებელი თქვა. არასტაბილური ვალუტის გარდა, პრობლემაა ზოგადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობა.
თუ არსებობს რაიმე ბერკეტი, რომელიც ფასის მატების პროცესს შეაჩერებს? რა შეუძლია სახელმწიფოს?
ჩვენ ვფიქრობდით, რომ გამოსავალი იქნებოდა მცირე დროით მაინც, საწვავზე აქციზის ფასის შემცირება. ეს უფრო ლოგიკური და შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე სუბსიდია. ამ მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფლებას ნავთობიმპორტიორთა კავშირთან ერთად მივმართეთ, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ.
ის განცხადებები, რაც თუნდაც ფინანსთა მინისტრმა გააკეთა, რომ ხელფასები არის გასაზრდელი, ლოგიკურია. გასაგებია, რომ ასეთი ინფლაციის ფონზე ის ხელფასი, რაც 10 წლის წინ ჰყოფნიდა, ახლა ვეღარ ეყოფა ადამიანს, მაგრამ რის ხარჯზე უნდა მოხდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორად უნდა გააანალიზოს სახელმწიფომ. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყონ ხელი, რომ პრობლემებიდან ამოვიდეთ.
ამ სიტუაციაში რას მოგვცემს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა?
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი ადამიანია დასაქმებული აქ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დოვლათს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითოეულ ბიზნეს ოპერატორს დახმარება არ სჭირდებოდეს. ასეთ ეპიდსიტუაციაში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს ექმნება, ხოლმე, პრობლემები, ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ყურადღებით.