ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევა ახალციხეში არ დაფიქსირებულა - კლინიკა ,,იმედსა" და ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა გაზრდილია,
მაგრამ არა საგანგაშოდ. კლინიკა ,,იმედი"-ს ხელმძღვანელი ,,მეცხრე არხთან" განმარტავს, რომ კლინიკას მაღალი სიცხითა და ხველებით ბევრი პაციენტი აკითხავს. მომართვიანობა მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ამ მხრივ აქტიურობისკენ მოუწოდა. ,
,,მძიმე ფორმები არ გვქონია, როცა t - 40 სიცხით მოდის პაციენტი, შემთხვევა ვირუსულია. კარგია, რომ სკოლებში არდადეგებია, მალე სტუდენტებს უნივერსიტეტშიც დაითხოვენ. თუმცა თებერვალში მეორე ტალღას უნდა ველოდოთ" - აცხადებს დავით მაისურაძე.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ მომართვიანობა შარშანდელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა. ბოლო ერთ კვირაში პოსპიტალიზებული გრიპითა და გრიპის მაგვარი დაავადებით 11 ადამიანია დაფიქსირებული. აქედან 19 წლამდე ასაკის რვა, 3 კი უფროსი ასაკის არის. ამბულატორიულად კი გრიპი და გრიპის მიერი დაავადების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორპორაცია ,,ევექსი"-ს ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას ურჩევს თავი შეიკავონ ვირუსის პერიოდში ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობისაგან.
,,ხელების ჰიგიენური გზით დამუშავება და ნიღბების ხმარება ყველაზე ეფექტური და მარტივი გზაა. დახველებისას შეგვიძლია სადეზინფექციო ხელსახოცები გამოვიყენოთ, რადგან H1N1 აირწვეთოვანი გზების - დაცემინება/დახველების საშუალებით ვრცელდება. დაავადებული ადამიანი საზოგადოებასთან კონტაქტს უნდა მოერიდოს. არ უნდა იაროს სამსახურში და დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს. მართვით სუნთქვაზე გრიპიანი პაციენტი არ გვყოლია“ - ამბობს ევექსის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.
ახალციხის ჯანდაცვის ცენტრში კი განმარტავენ, რომ H1N1-ის ვირუსის ლაბორატორიული შემთხვევა მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა. პრეპარატ ,,ტამიფლუ"-ს მარაგი აქვთ, რომელსაც რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები ექიმის რეცეპტის საფუძველზე მიიღებენ. ის პირები, ვინც რისკ-ჯგუფში არ ჰყავთ ჰყავთ შეყვანილი, მათ მედიკამენტის შესყიდვა აფთიაქებში მოუწევთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვებმა და ორსულებმა 38-ნახევარი სიცხის შემთხვევაში მეორე დღესვე უნდა მიმართონ ექიმს. ხოლო დანარჩენებმა მეოთხე დღეს.