საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს - ივანე ჩხაიძე
საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია - მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.
"ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფროს მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მომართვიანობა სწორედ გრიპის შემთხვევების მატებით არის გამოწვეული.განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას. მარტო იაშვილის კლინიკაში დეკემბერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ვირუსული პნევმონიის, რაც ძალიან დიდი ციფრია და რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. ერთსაც დავამატებ, ამ პაციენტიდან არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ, დეკემბერშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი. ჯერ კიდევ იყო დრო ვაქცინაციის ჩატარების, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთ ნაწილი. ძალიან ბევრი მშობელი ახლა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ვაქცინაცია გაეკეთებინათ. მართლაც ასეა. როდესაც ვხედავთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პაციენტს ემართება, ნათელია რომ გრიპის ვაქცინას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - განაცხად ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.