რატომ გადაიდო სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულებების ამოქმედება
სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელ მარტამდე შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება უჩნდებოდათ, თუმცა ახლა ირკვევა, რომ გადაწყვეტილება გადავადდა.
გადაწყვეტილებას სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, 700-ზე მეტმა ექიმ-სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართეს და „უსგ“ ქულებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება მოითხოვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტომატოლოგები სრულად ეთანხმებოდნენ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნებს, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ექიმებისთვის.
მაშინ სფეროს წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ მედიკოსებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირება გამოიწვევდა.