სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს კი ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის სწავლების პროცესს ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და სახელმწიფო რწმუნებული – სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე დაესწრნენ.
დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, ჟანგბადის პორტატული ბალონები და სხვა აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება.
“გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის ნაშთების რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში ინვენტარის განაწილება 9 მარტს დაიწყო. მომდენო ეტაპზე სამედიცინო და კომპიუტერული აღჭურვილობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს გადაეცემა.