სავარაუდო დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი აბასთუმანში მოათავსეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინს 17 პირი გადის. მათგან ერთი, სამედიცინო დაწესებულებაში დღეს შეიყვანეს. კლინიკური მენეჯერის თქმით, პიროვნებას კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან ჰქონდა, რის გამოც შესაბამისმა უწყებებმა გადაწყვიტეს, პაციენტი დაკვირვების ქვეშ დატოვონ.
"შემოიყვანეს ერთი პირი. საზღვარგარეთიდან არ ჩამოსულა, შიდა კონტაქტი ჰქონდა სავარაუდო ინფიცირებულთან. ეს კონტაქტი ჰქონდა თბილისში", - გვითხრა კახა ბერიძემ.
ამ დროისთვის, კარანტინში მყოფი 17 პირიდან, ერთი არასრულწლოვანია. იზოლაციაში მამა-შვილი ერთად იმყოფებიან.