გრიპის 25 000 ვაქცინა ქვეყანაში 10ოქტომბერს შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის 25 000 ვაქცინა ქვეყანაში ხვალ დილით შემოვა და ორშაბათიდან განაწილდება.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებიდან ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანები აიცრებიან.
„წელს ჩვენ ვიყიდეთ 135 000 დოზა გრიპის ოთხ ვალენტიანი ვაქცინა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწარმოებლისგან მსოფლიოში, რომლის პირველი პარტია - 25 000 დოზა ქვეყანაში ხვალ დილას შემოვა, ორშაბათიდან განბაჟდება და განაწილდება. მეორე შემოსვლა - 110 000 დოზის იქნება 20-დან 27 ოქტომბრამდე. პირველ ეტაპზე აიცრებიან რისკჯგუფებიდან ყველაზე უფრო მაღალი რისკის ადამიანები და შემდგომ უფრო გაფართოება მოხდება მას შემდგომ, რაც მეორე დიდი პარტია შემოვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია, ამიტომ სახელმწიფო ჯამში 250 000-მდე დოზა ვაქცინას შეიძენს.
„გარდა ამისა, გვაქვს დამატებით 35 000 დოზა, რომ იგივე მწარმოებელი მოგვაწვდის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის და ვმუშაობთ, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში ესეც 100 000-მდე შეივსოს. მსოფლიო ბაზარზე დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია, ამიტომ სახელმწიფო შეიძენს 250 000-მდე დოზა ვაქცინას. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, რომ დამატებითი მოცულობა შევიძინოთ, მაგრამ გარანტირებული არის ეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: interpressnews.ge