ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინით?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა საქართველოში უკვე შემოვიდა. გამყრელიძის ინფორმაციით, დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა.
გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფო დამატებით 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზეც მუშაობს.
„პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ავადმყოფები, ვინც იმყოფებიან მკურნალობაზე, ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც გადიან მკურნალობას და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისში სხვა რესპირატორული ინფექციებიც გააქტიურდება და კორონავირუსისა და ამ ინფექციების დამთხვევამ შესაძლოა ვითარება გაამწვავოს.