ახალციხის მუნიციპალიტეტში ვირუსული ინფექციის – ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები გამოვლინდა. სპეციალისტებმა სოფელ მინაძეში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დაასრულეს, ამ დროისთვის ტერიტორიის დამუშავება ვალეში, სხვილისსა და ივლიტაში მიმდინარეობს.
გამგებლის თქმით, სამივე დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მოსახლეობას აღნიშნული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება ; ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ დაავადებულ მღრღნელს უნდა უკბინოს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ – ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ყირიმ–კონგო საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა, ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება. დაინფიცირებულთა დაახლოებით 40% იღუპება.