მეგი ბაქრაძეს ჰქონდა ფილტვების მინისებური დაბურვა - იგივე ორმხრივი პნევმონია - ვახტანგ ბარამაშვილი
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე სავარაუდო, კიდევ ერთი გარემოება გამოიკვეთა, რომლის შესახებ დღეს უფლებადამცველებმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. სამედიცინო ისტორიის მონაცემების საფუძველზე, რომელიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოითხოვეს, მათ შორის იყო ტომოგრაფიის დისკი.
გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით დაადასტურდა, რომ მეგი ბაქრაძეს ჰქონდა ფილტვების მინისებური დაბურვა - იგივე ორმხრივი პნევმონია, რომელიც კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი და ჩატარებული რენტგენი ამას არ აჩვენებს. ასევე მონაცემების მიხედვით, ჩატარებული პისიარ ტესტი არ ადასტურებს, რომ მეგი ბაქრაძეს ჰქონდა კორონავირუსი.
სწორედ ამიტომ, გარდაცვლილი მედდის სისხლის ანალიზის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაიგზავნა. ახლა უკვე ლუგარის ლაბორატორიამ უნდა დაადასტუროს ჰქონდა თუ არა მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის ინფექცია.
ადვოკატების თქმით, მედიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ განვითარდა ანაფილაქსიური შოკი, თრომბოემბოლია, მაგრამ საბოლოო პასუხის გასაცემად ყველა ელოდება სრულ სამედიცინო და მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.
„სრული სურათი გვინდა, ვიცოდეთ. ვმუშაობთ საქმეზე, გვაქვს კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებთან. სამედიცინო ისტორიის ნაწილი მივიღეთ. ეს არის ძალიან ზოგადი ისტორია, რომელიც იძლევა ზოგად სურათს.
ანაფილაქსია არის პირველი ვერსია,
მეორე – ფილტვის თრომბოემბოლია. ორივე მათგანი ახასიათებს ზოგადად, კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს და ჯანმო-ს მიერაც არის იდენტიფიცირებული.
მესამე ვერსია არის, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც კოვიდის მაჩვენებელია. იქიდან გამომდინარე, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა ტესტირება და შედეგი იყო უარყოფითი, გადატანილი შეიძლება, ჰქონდა და ამან გამოიწვია მძიმე შედეგი.
იმუნიზაციამდე სამედიცინო ისტორიასთან ერთად გვექნება უფრო ფართო სურათი და მეტი დეტალი. მინისებრი დაბინდვა ტომოგრაფიის ჩანაწერში არის ასახული“, – განაცხადა ვახო ბარამაშვილმა „მედიცანეტრ მთავარში“.
ვახტანგ ბარამაშვილმა და ნინო ამაღლობელმა დღესვე მიმართეს მეგი ბაქრაძის კოლეგებს, რათა შეისწავლონ მისი სამედიცინო ისტორია და საკუთარი კვლევები დადონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ოჯახის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნეს, რომ ოჯახს კონკრეტულ პირზე დანაშაულის გადაბრალება კი არა, სიმართლის გაგება უნდა.
„ოჯახს უნდა გაგება, რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე და არა ვინმეზე დაბრალება, ვინმეს იდენტიფიცირება, ვისზეც ჯოხი გადატყდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა გაანცხადა.