Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ინფიცირების რისკს 90%-ით ამცირებენ - კვლევის შედეგები
აშშ-ში ჩატარებულ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ 19-ის ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80%-ით შეამცირა, - შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ინფიცირების რისკი 90%-ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, თუ რამდენად შეუძლიათ ვაქცინებს დაინფიცირებისგან, მათ შორის უსიმპტომო დაავადებისგან დაცვა.
კვლევის ფარგლებში, ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავაზე (ი-რნმ) დაფუძნებული ვაქცინების ეფექტურობა აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის განმავლობაში, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მარტამდე შეისწავლეს. კვლევაში 3 950 მონაწილე იყო ჩართული.